четверг, 21 июня 2018 г.

საწრეო მუშაობის რეფლექსია


ისტორიის   საგნობრივი   წრის   რეფლექსია

                                            სსიპ  ტყიბულის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  ახალსოფლის      საჯარო  სკოლის  ისტორიის  მასწავლებელი    გიორგი   წერეთელი

     2018  წლის  29  იანვრიდან   16  ივნისამდე  ახალსოფლის  საჯარო  სკოლაში  ფუნქციონირებდა  ისტორიის  საგნობრივი  წრე   „საქართველო  ჩემი სამშობლოა“, რომელშიც  ჩართული  იყო  სკოლის  V- VI  კლასის  7  მოსწავლე. 
    ისტორიის  წრის  შექმნის  მიზანი  იყო  მოსწავლეებში  საქართველოს  წარსულისადმი  ინტერესის   გაზრდა-გაღვივება, მოსწავლეთა  ცნობიერების  ამაღლება  და   იმ  დამატებითი ინფორმაციის  გადაცემა,  რომლის  მიღებასაც  ვერ  ახერხებენ  ისინი  ჩვეულებრივ   საგაკვეთილო პროცესში.
    საგნობრივი  წრის   დაგეგმვისას  გათვალისწინებულ  იქნა  მოსწავლეთა   შესაძლებლობები,  განსახილველი  საკითხების  შესაბამისობა  ესგ-ს მოთხოვნებთან და  რა თქმა  უნდა  მოსწავლეთა  ინტერესები.
    საქმიანობის   მოსწავლეთა   ინტერესებზე  მორგება  პრიორიტეულ  საჭიროებად მივიჩნიე. ამ  მიზნით  ჩავატარე  ანკეტური  გამოკითხვა,  შევთავაზე  სხვადასხვა  თემები და  მივაწოდე  კომენტარი :  რას  შეისწავლიდნენ,  როგორი  აქტივობებით და რა  შედეგს  მიაღწევდნენ.
    სწორედ   მოსწავლეთა   აზრის   გათვალისწინებით   შემუშავდა  ისტორიის  წრის  სამუშაო  პროგრამა  და  გრაფიკი.   წრის   მუშაობა   ტარდებოდა  კვირაში  ერთხელ,
სამშაბათობით,  13, 20  საათიდან   14.05   საათამდე.  სულ  ჩატარდა  20  შეხვედრა.
    რაც   შეეხება   წრის   სამუშაო    პროგრამას,  ის  დაიგეგმა   აბსოლუტურად  მოსწავლეთა  სურვილებისა  და  ინტერესების  შესაბამისად.   სწორედ  მათი მოთხოვნით   შევიდა   პროგრამაში   და    შესაბამის  დროში  განხორციელდა  ისეთი საკითხები  როგორიცაა  :     ისტორიულ  თემებზე  შექმნილი   მხატვრული,  დოკუმენტალური  თუ   ანიმაციური  ფილმების  ნახვა,  კროსვორდების  შევსება,
ნახატების   შექმნა,   მუზეუმში   ექსკურსია,  კედლის  გაზეთის  გამოშვება,  დისკუსიის  მოწყობა,  ქართული  ხალხური  ზეპირსიტყვიერების  ნიმუშების  გაცნობა,  სასწავლო   შემოქმედებითი   ღონისძიების  მოწყობა.
    შინაგანი  მოტივაციიდან  გამომდინარე  ისტორიის   წრის  ყოველი  შეხვედრა მოსწავლეთათვის   სახალისო  და  საინტერესო  იყო.  მუშაობაში  მათი  ჩართულობა  იყო  საკმაოდ  მაღალი.  მაგალითად,  მოსწავლეებისათვის   ქართულ  ისტორიულ 

ფილმ  „ გიორგი  სააკაძესთან „  შეხება გამოვიდა  სამფაზიანი.   თავდაპირველად   ნახეს  ფილმი,    შემდეგ  მოხდა  ამ  ფილმის  გარჩევა.  მომდევნო   შეხვედრაზე  კი   გაიმართა   დისკუსია   გიორგი  სააკაძის   პიროვნების   დადებით  და  უარყოფით  მხარეებზე.  ამ  დისკუსიის   დროს,   მიუხედავად  მოსწავლეთა  მცირე  ასაკისა   გამოვლინდა  მათი  საკმაოდ  მაღალი  სააზროვნო  დონე,   გონებაგახსნილობა და  რაც  განსაკუთრებით  საკვირველია,  დისკუსიის   წარმართვის  მაღალი  ხარისხი. ამ აქტივობების  დროს  მათ  განუვითარდათ   ზეპირი  კომუნიკაციის,  მოსმენა- გაგების,  მსჯელობის  უნარები.
    მოსწავლეთათვის  ასევე   ბევრის   მომცემი  იყო   ისტორიულ  თემატიკაზე  შექმნილ  კროსვორდებზე   მუშაობა.  აქ   ისინი  არა  მარტო  ინფორმაციას  იღებდნენ და  ცოდნის  მარაგს  ივსებდნენ,  არამედ  განუვითარდათ  კვლევა - ძიების  გარკვეული  უნარი.
    წრის   წევრებისათვის   დასამახსოვრებელი   აღმოჩნდა   ტყიბულის  მხარეთმცოდნეობის   მუზეუმში  ექსკურსია,  სადაც  მოსწავლეებს  უშუალო  შეხება ჰქონდათ  საკუთარი   მხარის   წარსულთან.  იქ  ნანახმა  ოკრიბის  კუთხის  მატერიალურმა  სიძველეებმა  მათში   ეროვნული   გრძნობები   გააღვიძა.
    მოსწავლეთთვის  მეორეხარისხოვანი   და  უინტერესო   არც  კედლის  გაზეთებზე  მუშაობა  აღმოჩნდა.  მათ  გამოუშვეს  ორი  გაზეთი,   ერთი  მიუძღვნეს  საქართველოს   ცნობილ  ბრძოლებს,  ხოლო   მეორე   საქართველოს დამოუკიდებლობის   100  წლისთავს.  მასალები  ამ  გაზეთებისათვის  თვითონ  დამოუკიდებლად  მოიძიეს  და  შეარჩიეს.  მათ  ამით  განუმტკიცდათ კლევა-ძიების, მასალის  სისტემატიზაციისა  და  თანამშრომლობის   უნარ - ჩვევები.
       სახალისო   და   ამასთან   დამაფიქრებელიც   აღმოჩნდა  წრის  წევრებისათვის  ქართული  ხალხური  ზეპირსიტყვიერების   ნიმუშების   გაცნობა.   ხალხურ  თქმულებებსა  და  გადმოცემებში   ასახული   საქართველოს    ისტორია    მათთვის ადვილად  გასაგები,  მაგრამ   მეტად   მტკივნეული  გამოდგა.
      ასევე   მძიმე,  მაგრამ  საინტერესო   იყო  მოსწავლეებისათვის   წრის   ერთი  სამუშაო  დღე,  რომელზედაც  გაიმართა  სუბარი  თემაზე   „ძნელი  ყოფილა  ქართველობა“.  წრის   წევრებმა  ერთმანეთს  გაუზიარეს  ისტორიული  ლიტერატურიდან  ამონარიდი  მათთვის  საინტერესო  ფაქტები   ქართველთა  გმირობასა  თუ   გაჭირვებაზე.  გაანალიზეს  ის  ფაქტორები,  რამაც გადაარჩინა  ისე მცირერიცხოვანი  ერი,  როგორიც  ქართველობაა. 
     წრის   მუშაობის    დასკვნით  ეტაპს    წარმოადგენდა  მოსწავლეთა  მიერ  მომზადებული   და   ჩატარებული  სასწავლო  შემოქმედებითი  ღონისძიება, რომელიც   მიეძღვნა  საქართველოს  დამოუკიდებლობის  100  წლისთავს. ამ  ღონისძიების  დროს  მოსწავლეებმა  გამოავლინეს  შემდეგი  უნარ- ჩვევები :
შემოქმედებითი  აზროვნების,  კომუნიკაციის,  პრეზენტაციის, თანამშრომლობის.
    საბოლოო   ჯამში,  ჩემი  აზრით,   ისტორიის   წრის   შექმნამ    გაამართლა.  მიზანი  ძირითადად  მიღწეული  იქნა.  საწრეო  მუშაობამ   ხელი შეუწყო  საქართველოს  ისტორიის  პოპულარიზაციას  მოსწავლეებში.  მათ  გაუღვივდათ  მეტი  ინტერესი  და  პატივისცემა   საქართველოს   წარსულისადმი.
   რაც  შეეხება  ხარვეზებს,   იგი  რა  თქმა  იყო  წრის  მუშაობაში.  მაგალითად, პროგრამით  გათვალისწინებული  საკითხებიდან  ზოგიერთის (როლური  თამაში, დებატები,  ექსკურსია  ისტორიულ ძეგლბზე)  განხორციელება  არ  მოხერხდა.  მუშაობის   პროცესში   მოდიფიცირება  ვერ  შევძელით.  უკეთესი  იქნებოდა  სხვა  კლასის  ბავშვებიც  ყოფილიყვნენ  წრეში  გაერთიანებული.
    მომავალ  წელს,  თუკი  იქნება  მოსწავლეთა  სურვილი  და  სკოლაში  კვლავ  შეიქმნება  ისტორიის  წრე,  მე  შევეცდები  გავითვალისწინო  გამოვლენილი  ხარვეზები  და  მისი  საქმიანობა  უკეთესი  ხარისხის  გავხადო. 


Комментариев нет:

Отправить комментарий